|
|
1996 წელს, დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილისა და მისი მოწაფეების თაოსნობით, დაარსდა გაერთიანება ”ართ ჰოლი”. მას საფუძვლად დაედო, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა სურვილი, გარკვეული წვლილი შეეტანათ მოზარდი თაობის ესთეტიკური აღზრდისა და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის საქმეში. 2000 წელს კი გაერთიანება ”ართ ჰოლი”-ს ბაზაზე დაფუძნდა ”ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი ”, ფონდის მიზნებია უნარშეზღუდულ მოზარდთა ინტეგრაცია-სოციალიზაცია მათი რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი აზრის კორექცია, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ. ამ წლების მანძილზე საყმაწვილო ცენტრის სტუდიებში შემოქმედებითი და ინკლუზიური სწავლების კურსი 5000- მდე შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელმა მოზარდმა გაიარა, რამაც დიდი როლი ითამაშა მათი თვითდამკვიდრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში. ”ართ ჰოლი”-ს თაოსნობით ჩატარდა უამრავი კონცერტი თუ საქველმოქმედო აქცია, დაიბეჭდა გაზეთები, გახმოვანდა მულტიპლიკაციური ფილმები, ჩაიწერა სიმღერები და აუდიო ზღაპრები, დაიდგა სპექტაკლები, რომლებიც წარმატებით გადიოდა თბილისის წამყვან თეატრებში. შეიქმნა მოთხოვნა ჩვენი სპექტაკლები და წარმოდგენები გვეჩვენებინა: რეგიონებში, ბავშვთა სახლებში, ინვალიდთა და მოხუცთა თავშესაფრებში, საჯარისო ნაწილებში, საზაფხულო ბანაკებში, პენიტენციალურ დაწესებულებებში და სხვ... სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ზაფხულის პერიოდში მოზარდების სოციალიზაციის უზრუნველყოფა არაფორმალურ გარემოში. ამ მიზნით ყოველ წელს ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ჩვენი აღსაზრდელი ერთად გავიყვანოთ ზღვის სანაპიროზე, სადაც არა მარტო ახალ პროექტზე იწყებენ მუშობას, არამედ სოციალიზაციისა და ინტეგრაციისთვის აუცილებელ გარემოში ხვდებიან. ”ართ ჰოლის” შემოქმედებით ჯგუფს, მოზარდებთან ერთად, საშუალება ეძლევათ, ნახონ ქართული კონოსა და თეატრის საუკეთესო ნაწარმოებები, გაეცნონ წინა თაობების შემოქმედებას, მონაწილეობა მიიღონ განხილვებსა და დისკუსიებში, ასევე გააგრძელონ მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე. |